თურმე მე წელიწადში ორჯერ ჩამომყავს ამერიკიდან მანქანები, ვყიდი და ესაა ჩემი განთავისუფლების მიზეზი – ერთადერთი ჩემი დანაშაული ისაა, რომ გიორგი მეზვრიშვილის მოყვარე ვარ – თამაზ ჯოხაძე

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, თამაზ ჯოხაძის თქმით მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი კახა საბანაძის ბავშვობის მეგობართან,  გიორგი მეზვრიშვილთან,  ნათესაური კავშირია. ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანას უსახელებენ, რაც მისთვის სასაცილო და სამარცხვინოა.

,,დღეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მირეკავს შიდა ქართლის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი დავით ჯაშაშვილი და მეუბნება, რომ უნდა მივიდე სამსახურში და დავწერო პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე.  მიჩნდება ლოგიკური კითხვა თუ რატომ. მეუბნება, რომ უნდა მივიდე სამსახურში და იქ დაველაპარაკო.  მივედი, დამხვდნენ გიორგი მესხი, მაგისტრალის უფროსი და დავით ჯაშიაშვილი. პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა წავიდე და რა დავაშავე არ აქვს არცერთს.

ამ ყველაფერს არანაირი საყვედური არ უძღვოდა წინ. მერვე წელიწადია ვმუშაობ, დღემდე საყვედურიც კი არ მაქვს მიღებული, არანაირი დისციპლინარული  გადაცდომა. დღემდე ვემსახურებოდი ჩემს ფორმას და ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, არ მქონია არც კოლეგებთან ან ხელმძღვანელებთან  მიმართებაში არანაირი პრობლემა. ერთადერთი,  ძალიან სამარაცხვინო და სასაცილო მიზეზი ბატონმა დავითმა თქვა ის,  რომ თურმე მე წელიწადში ორჯერ ჩამომყავს ამერიკიდან მანქანები,  ვყიდი და თურმე ესაა მიზეზი. სირცხვილია,  იმიტომ რომ თვითონაც და ბევრი ჩემი თანამშრომელიც ამ საქმითაა დაკავებული.  ჩემთვისაც  და მთელი საქართველოსთვისაც სასაცილოა, რომ ამ მიზეზით პოლიციიდან ადამიანს უშვებენ.

ჩემი დის ქმარია, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც თავისმხრივაა კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. რამდენიმე თვის წინ დაუძახეს გიორგი მეზვრიშვილს და იმის გამო, რომ კავშირშია კახა საბანაძესთან, გაუშვეს სამსახურიდან. მე თვითონ არანაირი კავშირი არ მაქვს საბანაძესთან, ქუჩაში რომ შემხვდეს შეიძლება ვერც ვიცნო.

დღემდე არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში არ მიმიღია მონაწილეობა. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. გიორგი მეზვრიშვილია ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე მიშვებენ სამსახურიდან. ერთადერთი ჩემი დანაშაული ისაა, რომ გიორგი მეზვრშვილის მოყვარე ვარ და ისაა ჩემი დის ქმარი“ – განაცხადა თამაზ ჯოხაძემ.