კახა კალაძე – ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, „ქართული ოცნებაა“

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც რეალურად, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, საზოგადოებრივ კვლევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში უკეთესი პროექტები განხორციელდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრჯერ მომიწია კვლევებთან დაკავშირებით, განმარტებების გაკეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩვეულებრივი რიგითი თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს ისევ და ისევ გამოწვეულია ჩვენი გაკეთებული საქმეებით, თბილისში გაკეთებული პროექტებით, რასაც ძალიან ვაფასებ, მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო მაგარი პროექტები გავაკეთოთ და კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გავხადოთ ჩვენი მხარე. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში მოდის, გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, პარტიები თუ პოლიტიკოსები უნდა იხილოს ადგილობრივ საკრებულოებში და მერების მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.