კულუმბეგოვი სასულიერო პირებზე: ვთხოვთ, ხელი მაინც არ შეუშალონ ვაქცინაციის პროცესს

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ სასულიერო პირებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, ხელი მაინც არ შეუშალონ პროცესს – ამის შესახებ მან ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

კულუმბეგოვმა ერთ-ერთ კლინიკაზე ისაუბრა, სადაც უმცროსმა სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზად, სასულიერო პირების მოწოდება დაასახელა, რომ აცრისგან თავი შეეკავებინათ.

“პოზიცია გასაგებია, რომ სამედიცინო საკითხია და აქ არის პედალირება, რომ ჩვენ [ეკლესია] ვერ ვიქნებით ვაქცინებისკენ, ესეც არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ დავუშვათ, რომ ასეა ეს. ვთხოვთ, რომ ხელი მაინც არ შეუშალონ პროცესს. თუ ინფორმაციას ბოლომდე ვერ ფლობენ, უჭირთ გარკვევა, სად გადის ზღვარი სიმართლესა და სიცრუეს შორის, გთხოვთ, ექიმებს მოგვანდეთ”, – ამბობს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, ვაქცინის 700 ათასი დოზის ადმინისტრირების შემდეგ სულ გვერდითი მოვლენების დოკუმენტი არის 110 ადამიანზე შესული. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა კი დაფიქსირდა სამჯერ და სამივე შემთხვევა კარგად დასრულდა.