ემანუელ მაკრონი: ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი არ უნდა გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სატელევიზიო მიმართვაში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ტერორისტული ჯგუფები ავღანეთში იმყოფებიან და შეეცდებიან სიტუაციის დესტაბილიზაციიდან სარგებელი მიიღონ. საჭიროა ერთიანი საერთაშორისო რეაგირება და პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის პირობაა საერთო მტრის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა, აშშ-მა და ევროპამ ეფექტური თანამშრომლობა შეძლონ, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი არ უნდა გახდეს.

„ავღანელ ხალხს უფლება აქვს იცხოვროს უსაფრთხოდ და ავღანელ ქალებს უფლება აქვთ იცხოვრონ თავისუფლად და ღირსეულად“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.