„თალიბანი“ – მსოფლიოს ლიდერები ვალდებული არიან ავღანეთს აღდგენაში დაეხმარონ

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნები ვალდებულნი არიან დაეხმარონ ავღანეთს აღდგენაში – ამის შესახებ მან „სქაი-ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა პატივი უნდა სცენ ავღანელი ხალხის სურვილს და დაეხმარონ მათ ქვეყნის აღდგენაში, მათი ცხოვრებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ვფიქრობ, რომ ეს მათი ვალდებულებაა, რადგან ისინი იდგნენ ავღანეთის განადგურების უკან ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამდენად, ახლა ეს მათი მორალური ვალია – აღადგინონ ავღანეთი და დაეხმარონ ხალხს ახალი ცხოვრების დაწყებაში“ , – განაცხადა შაჰინმა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოდან ავღანეთში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ვითარებას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს.