პაატა მანჯგალაძე – „მესამე ძალა“ თავისი არსით ნიშნავს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ მხარს, არც „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურას

„მესამე ძალა“ თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ მხარს და არც „ქართულ ოცნებას“. საზოგადოების 40% არის, ვისაც არ მოსწონს ეს ორი ძალა და ამ ხალხის კონსოლიდირებას ვახდენთ ჩვენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მესამე ძალის“ არჩევანი ნიშნავს განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურას, განსხვავებულ მიდგომას და დამოკიდებულებას საზოგადოებასთან.

„„სტრატეგია აღმაშენებელს“ დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, ვხვდებით ხალხს, ვაფუძნებთ ორგანიზაციებს. რაც შეეხება კანდიდატების დასახელების ფორმალურ ნაწილს, ეს ნაწილი 20-ში იყო დაგეგმილი და პანდემიის გამო გადავდეთ. ამიტომ, გვექნება აგვისტოს ბოლოს. ჩვენ ჩავატარებთ სრულფასოვან კამპანიას და გვეყოლება მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენი კანდიდატები, გამოდიან პირველი ნომრით. „მესამე ძალა“ არის თავისუფალი პლატფორმა სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა არის ბევრი საინტერესო ადამიანი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ეს არ არის პარტიული პლატფორმა, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, სადაც პარტიული კუთვნილების მიუხედავად შეუძლიათ ადამიანებს შემოსვლა, მთავარი არის კეთილსინდისიერება და პროდასავლურობა. „მესამე ძალა“ თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ მხარს და არც „ქართულ ოცნებას“. 40% არის საზოგადოების, ვისაც არ მოსწონს ეს ორი ძალა და ამ ხალხის კონსოლიდირებას ვახდენთ ჩვენ. ჩვენ ვუყურებთ წლების განმავლობაში თუ რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა, რას აკეთებს „ქართული ოცნება“. ჩვენი, „მესამე ძალის“ არჩევანი ნიშნავს, ამ ორისგან განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურას, განსხვავებულ მიდგომას და დამოკიდებულებას საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით ხალხის სატკივარის გამზიარებელი და ჩვენ ხალხთან ერთად მოვიფიქრებთ, და უკვე გვაქვს მექანიზმები, რომლებიც მოაგვარებს მათ პრობლემებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.