ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება

ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება. მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ მისთვის ძმის სამგლოვიარო რიტუალებზე დასწრების უფლება მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდალში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზვიადაურის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რაც ბრალში წერია, სიმართლეს არ შეესაბამება.