ადგილობრივი წარმოების მიმართულებით 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნება” რეგიონებში მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. გურიის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან ალექსანდრე სარიშვილი იქნება.

კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ისაუბრა.

“არაერთი პროექტი განვახორციელეთ ყველა რეგიონში, შევიტანეთ პროგრესი, განვითარება, წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. მაქსიმუმი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება.

სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენ, დაახლოებით, 2 მილიარდამდე ინვესტიცია ჩავდეთ ბიზნესთან ერთად. შედეგად, ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა საქართველოში, ყველა რეგიონში.

ვიცი, რომ გურიაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა – ლანჩხუთზე რომ ვილაპარაკოთ, ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი ქვეყნისთვისაც არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი.

სოფლის მეურნეობაში მთავრობა გეგმავს 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას, თითოეული რეგიონი მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, და რომელი კულტურების გაშენება უნდა წავახალისოთ.

ლანჩხუთზე ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება და მოყვანა. მთავრობა ამ მიზნით საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს მოსახლეობას, ამის შედეგად ჩვენ 300 ჰექტარზე მეტი ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას ხელი შევუწყვეთ, აქტიურად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს და მასშტაბები გაიზარდოს ყველა მიმართულებით.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციას, აქედან მილიარდი ლარი იქნება მთავრობის შენატანი და 1300-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა უახლოესი 3 წლის განმავლობაში,”-განაცხადა პრემიერმა.