ინტერვიუს დროს თალიბებმა მითხრეს, არ მოგვწონს რაც გაცვია, სხეული სრულად უნდა დაიფაროო — ავღანელი ჟურნალისტი ქალი ქაბულიდან

ავღანელი ჟურნალისტი ქალი, საკინა ამირი ამბობს, რომ თალიბანის წევრებმა სხეულის სრულად დაფარვა მოსთხოვეს.

BBC-სთან ინტერვიუში ამირი ყვება, რომ თალიბანის ლიდერთან ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი და სანამ მას ელოდებოდა, მებრძოლებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების სამსახურზე. ჟურნალისტს უპასუხეს, რომ “პირველ რიგში” არ მოსწონდათ ის, რაც ეცვა და მას სრულად უნდა დაეფარა სხეული. მისივე თქმით, ეს კითხვა თალიბების ლიდერსაც დაუსვა და იგივე პასუხი მიიღო.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თალიბანის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს არ არიან წინააღმდეგი ქალმა იმუშავოს, მაგრამ აუცილებლად მიაჩნიათ, რომ მას სხეული და სახე სრულად ჰქონდეს დაფარული.

მისივე თქმით, თალიბებმა განუმარტეს თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო, როცა ჟურნალისტმა მათ დაუსვა კონკრეტული კითხვები, მაგალითად შეიცვლებოდა თუ არა რაიმე ავღანელების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ არ გასცეს კონკრეტული პასუხები და თავი შეიკავეს დეტალებზე საუბრისგან.

,,ჩვენ გვჭირდება გვახსოვდეს, რომ ომის ათწლეულების შემდეგ ,,რა მოხდება ხვალ?” ეს კითხვა არის ყველა ავღანელის ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებით ქალების. მე არასდროს ვგრძნობ თავს დაცულად. ჩემმა მშობლებმა მომიყვეს თუ როგორი იყო ცხოვრება, როდესაც თალიბები შემოვიდნენ 20 წლის წინ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. მაგრამ ახლა არავინაა დარწმუნებული რა მოხდება მომავალში და რა შეიცვლება“ – ამბობს ჟურნალისტი.