დავით ზალკალიანი – უაღრესად რთული, კომპლექსური პროცესის შედეგად შევძელით ჩვენი ყველა მოქალაქის მშვიდობიანად, უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უაღრესად რთული, კომპლექსური პროცესის შედეგად ავღანეთიდან საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანად, უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა პროცესში; საგარეო საქმეთა სამინისტრო კი შესაბამის უწყებებთან, პრემიერ მინისტრის აპარატთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად მუდმივად იყო კოორდინაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში, ყველა ნაბიჯი იყო ეტაპობრივად დაგეგმილი, რათა უვნებლად გამოსულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ვინც იყო აქტიურად ჩართული ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში. ეს იყო უაღრესად რთული, კომპლექსური პროცესი და შევძელით ჩვენი ყველა მოქალაქის მშვიდობიანად, უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან, რაც მარტივი არ გახლდათ.

თავიდანვე ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და განსაკუთრებით, მინდა, გამოვყო ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი, ასევე უნგრელი კოლეგები. სწორედ მათი დახმარებითა და ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ჩვენი მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან. პროცესი იყო უაღრესად რთული, რადგანაც სიტუაციას ამძიმებდა ქაბულში შექმნილი ვითარება. მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი და იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა.

ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმუშავეთ – პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად, პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა პროცესში; პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტთან ერთად – ვიყავით მუდმივად კოორდინაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში. ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ უვნებლად გამოგვეყვანა ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, უშუალოდ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ყველა იმ საელჩოს, რომელიც იყო ჩართული ამ რთულ პროცესში.

„პროცესი იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ეტაპზე მოხერხდა შვიდი მოქალაქის გამოყვანა. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. დანარჩენი 16 – ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაზე მუშაობდნენ. მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა, ობიექტური პირობების გამო. თუმცა, მიხარია, რომ ისინი უკვე უვნებლად არინ გამოსული, მოფრინავენ საქართველოში და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს.

ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის ჩემი უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, უშუალოდ ჩემს მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ყველა იმ საელჩოს, რომელიც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.