ნატო – ავღანეთის მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად, ჩვენ არ დავუშვებთ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში შექმნილი რთული ვითარება განიხილეს.მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დაუშვებენ რომელიმე ტერორისტის მხრიდან საფრთხეს.

„ჩვენ ერთიანნი ვართ, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ავღანეთში მომხდარი მძიმე მოვლენების გამო და მოვუწოდებთ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ასევე ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ავღანეთის მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა გარემოებაში დაიცვან ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები პირველ ამოცანად სახავენ მათი და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას, განსაკუთრებით მათი, ვინც ნატო-ს მისიას ეხმარებოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში უფლებამოსილ პირებს პატივი სცენ და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და ორგანიზებულ გამგზავრებას, მათ შორის ქაბულში ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად და გააძლიეროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჰქონდათ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით. დღევანდელ ვითარებაში ნატომ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლებისადმი ყოველგვარი დახმარება. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებები; ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების ადამიანის უფლებების დაცვა; კანონის უზენაესობის დაცვა; დაუშვას შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა; და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად. ჩვენ არ დავუშვებთ რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს. ჩვენ კვლავაც ერთგულები ვართ შევებრძოლოთ ტერორიზმს შეუპოვრად და სოლიდარობით. ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას სამსახურს და მსხვერპლს, ვინც დაუღალავად მუშაობდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავღანეთისთვის უკეთესი მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ ავღანეთში ჩვენი ჩართულობის შესახებ და დავსახავთ საჭირო გაკვეთილებს“, – წერია განცხადებაში.