დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა, თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება – სერგო ჩიხლაძე

ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილის პირისპირ დაუცველად დატოვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში არსებულ კოვიდ-19-ით გამოწვეულ მდგომარეობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი კოვიდ-19-ით იმიტომ გარდაიცვალა, რომ ისინი ხელისუფლებამ ვერ დაიცვა.

„მინდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში, შეიძლებოდა თუ არა, ამის თავიდან აცილება, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს, 74 ადამიანი გარდაიცვალა, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაგვიანებული, არათანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ?! დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა. თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება. ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით. ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მიატოვა. მიატოვა სწორედ მაშინ, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დახმარება იყო ვაქცინა, საინფორმაციო კამპანიის წარმოება და თითოეული ადამიანისთვის იმის ახსნა, რომ სიკვდილზე გამარჯვებისთვის, იმუნიზაცია აუცილებელია! ეს დახმარება იყო 112-ის გამართული მუშაობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და სასწრაფო დახმარების სიტემების გამართვა, ექიმებისა და ექთნებისთვის ღირსეული ხელფასის მიცემა დაგვიანების გარეშე, ეს დახმარება სამედიცინო პერსონალის მობილიზება, მუდმივი გადამზადება და უსაფრთხოება“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს საჭიროებები ვერ უზრუნველყო.