„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი: ყველა იმ პუნქტზე, რომელიც გაფიცულებმა დააყენეს, პოზიციების თანხვედრას მივაღწიეთ

„თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებას ხელი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა აკაკი გვალიამ მოაწერეს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ დაპირებისამებ უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას 2022 წლიდან. ასევე სექტემბრიდან შეივსება სპეცფორმების მარაგი, რომლის განახლებაც მუდმივად მიმდინარეობს. შეთანხმება ასევე შეეხება სადაზღვევო პაკეტის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხებს.

„რამდენიმეკვირიანი კონსულტაციები პროფკავშირებსა და „თბილსერვის ჯგუფს“ შორის დასრულდა და ყველა იმ პუნქტზე, რომელიც გაფიცულების მიერ იყო დაყენებული, მივაღწიეთ პოზიციების თანხვედრას. დღეს უკვე ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე.