ეუთო/ოდირი – საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა, – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.

„გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია“, – აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ და დასძინა:

„მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით.“

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დანიშვნის პროცესი, რომელსაც ODIHR-მა გასულ თვეში გაუწია მონიტორინგი, წარიმართა რთულ პოლიტიკურ გარემოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე. პროცედურის საბოლოო ეტაპის შედეგად დაინიშნა ექვსი ახალი მოსამართლე.

„საგულისხმოა, რომ ეს დასკვნითი ეტაპი წარიმართა აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმად, წარდგენისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ასევე, პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

იმავდროულად, დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენების პროცესი. კანდიდატებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს მთელ რიგ აქტუალურ თემებზე. ამასთანავე, მოსმენები კარგად იყო ორგანიზებული და წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც. ამის მიუხედავად, საბოლოო კენჭისყრა გაიმართა კანდიდატების დამსახურების შესახებ პლენარული მსჯელობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. ამას გარდა, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი კვლავ სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით დასაბუთების გარეშე დანიშნოს ან უკუაგდოს ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, ისევე, როგორც ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.