გია ვოლსკი – პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარები არ გამოუვიდათ

პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც ის სტრატეგიული გეგმა, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია, არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორის არის სახალხო დამცველიც,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე, შემდგომი პერიოდი იქნება ისე ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნას მინიმუმამდე შემცირებული. დეპუტატი განმარტავს, რომ არ არსებობს პერსპექტივა კოვიდ საფრთხისგან უახლოეს ერთ-ორ თვეში გათავისუფლდეს მსოფლიო და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის ამის გამო შეწყვეტაც არ არის მართებული.

„მე ზოგადად მგონია, რომ ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, ისევე როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე, შემდგომი პერიოდი იმ დონეზე იქნება ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნას მინიმუმამდე შემცირებული და მართვაც რასაკვირველია უფრო ადვილია ამ შემთხვევაში. სახალხო დამცველსაც და ყველა სხვას მართებს სიღრმისეული კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან და მოღვაწეებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ.

პერსპექტივა იმისა, რომ ორ თვეში, ერთ თვეში კოვიდ საფრთხეებისგან გათავისუფლდება მსოფლიო, შესაბამისად, საქართველო და ამის გამო პოლიტიკური პროცესი უნდა შეწყდეს ან არჩევნები არ ჩატარებულიყო პრეზიდენტის მაგალითად აშშ-ში, რომელსაც უმძიმესი პერიოდი ჰქონდა იანვრისთვის, არ არის მართებული და კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებს შეიძლება გააჩნდეთ ასეთი მოსაზრებები. პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც პერსპექტივა არ გააჩნიათ და ის სტრატეგიული გეგმა, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია, არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორის არის სახალხო დამცველიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.