„პოლიტიკური სნობიზმით გაჯერებული ქართული პოლიტიკური “ელიტა”…ტრამპი კი პრეზიდენტია!“

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

“ტრამპი-პუტინის დიალოგი და საქართველოს პერსპექტივა”!

რესპუბლიკელი დონალდი ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია! დიახ, ამერიკაში ქვეყნის პირველი პირი მილიარდელი ტრამპი გახდა, საქართველოში კი პირიქით, მილიარდელი ივანიშვილი პრემიერმინისტრობიდან, ანუ “პირველი პირობიდან” ნებაყოფლობით წავიდა?!

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული დემოკრატი ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბში ცრემლებს ვერ იკავებენ, ისე განიცდიან მარცხს, რაც აბსოლუტურად ადექვატური რეაქციაა! განსხვავებით საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული და დაშლილი პარტიებისაგან, რომელთა ოფისებში, თითქოს არაფერი მომხდარა, – მარცხს ლამის გამარჯვებად ასაღებდნენ და “პარტიების განახლება-გაახალგაზრდობაზე აქცენტირებდნენ” (“თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები, ბურჭულაძის პარტია და სხვანი!)?!

მოკლედ, საქართველოში “ყველაფერი პირიქითაა”, გაიხსენეთ ისიც, თუ როგორ “ზეიმობდნენ” ნაცები აგვისტოს ომში “გამარჯვებას” და ხალხის ნაწილიც “აიყოლიეს”! დროა უკვე, რომ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ პოლიტიკური რეალობა აღვიქვათ ისე, როგორიც ის არის, თორემ საბოლოოდ წავიტეხთ კისერს!

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, ისეთი დამოკიდებულება იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში, რომ თუ კლინტონი ვერ გაიმარჯვებდა, მაშინ რაღაც საშინელება მოხდებოდა ჩვენს თავს?! აი, ეს არის სწორედ პოლიტიკური სნობიზმი, რომელიც ესაზღვრება პოლიტიკურ პროვინციალიზმს, რითაც გაჯერებულია ქართული პოლიტიკური “ელიტა”, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე! დავუბრუნდეთ ამერიკას… გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ამერიკელებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის, იქვე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკა, – “კონფლიქტების ძებნას კი არ დაიწყებს, არამედ პარტნიორობას თავაზობს ყველას ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად”! აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპის გაპრეზიდენტობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ტრამპთან ერთად შეძლებენ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გამოყვანას კრიზისული მდგომარეობიდან”! აი, ამაზე უნდა იფიქროს და იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რაც უშუალოდ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს შეეხება, და არა იმაზე, თუ როგორი “გლობალური შედეგები მოჰყვება ტრამპის გაპრეზიდენტებას”!? ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებების პაკეტი, რომელიც ჩვენი პრობლემების მოგვარებას შეეხება, რათა ამერიკა-რუსეთის მომავალ (სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხული) უმაღლესი დონის შეხვედრაზე მოხდეს მისი განხილვა!

ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოს უქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა კვლავ აშშ-რუსეთის დიალოგის დღის წერიგის საკითხი გახდეს. ამ შემთხვევაში, თუ ტრამპი-პუტინის ურთიერთობა პოზიტიურად წარიმართება, მაშინ ეს დადებითად აისახება საქართველოს პრობლემების მოგვარებაზეც!

განა საკამთოა ის, რომ ამერიკა-რუსეთის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საქართველოს პრობლემები ვერ გადაწყვიტა და მეტიც, ლამის ჩიხში შეიყვანა?! ამიტომ, ქართველები უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაში, საქართველომ კი არა “იზაროლოს” უფრო მეტად, არამედ შესაძლებელი გახდეს ჩვენი პრობლემების დადებითად გადაწყვეტა! მიმაჩნია, რომ ტრამპი-პუტინის დიალოგი საქართველოსთვის ახალი პერსპექტივაა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს უნდა გააცნობიეროს!!!..

კომენტარის დატოვება