პოლიტიკა

გიგა ბოკერია – მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ფიგურის, როგორიც ღარიბაშვილია, რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნა, არათუ პრემიერ-მინისტრობა

მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ფიგურის, როგორიც ღარიბაშვილია, რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნა, არათუ პრემიერ-მინისტრობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილია, ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

„მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე და ვაიძულოთ ისინი, ეს სამარცხვინო და სახიფათო რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად იქნას გასტუმრებული.

ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ესაა შეუძლებელი ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ეს შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს უნდა იყოს პასუხი საზოგადოების მხრიდან მათ ყველა უტიფარ განცხადებაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.