ხარვეზები და შეცდომები გვაქვს, მაგრამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას” ძალუძს – ირაკლი ზარქუა 

ხარვეზები და შეცდომები გვაქვს, მაგრამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას” ძალუძს – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ის დახმარებები გააორმაგა, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებში არასრულწლოვანთა ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

„ხარვეზები და შეცდომები, რა თქმა უნდა, გვაქვს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების მოგვარება ისევ და ისევ ამ გუნდს ძალუძს. ერთად დგომით, ჩვენი კომპეტენციით, გუნდურობით, გამოცდილებით და შრომისმოყვარეობით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა პრობლემა გადავლახოთ.

წალენჯიხის მოსახლეობა არის ამ კუთხის ყველაზე დიდი ღირსება და ღირებულება. ბატონი პრემიერი ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი გულშემატკივარია და მოგეხსენებათ, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მაგრამ, მგონი, არცერთ მაჟორიტარზე ნაკლები არ ვარ. ორი წინადადებიდან ერთი აუცილებლად წალენჯიხას უკავშირდება“, – აღნიშნა ზარქუამ.

როგორც მან განაცხადა, წალენჯიხის ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკური დარგია ტურიზმი.

„სოფლის მეურნეობა და გაზიფიცირებაც კარგია, მაგრამ ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ულამაზეს რაიონს გააჩნია. აქ არის ტობავარჩხილი, სქურის გზა, ჭანისწყალი, აქ არის ენგურჰესი, რომელიც გამორჩეული ნაგებობაა და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმ დოვლათს, რომლითაც წალენჯიხამ ღირსეული სიტყვა უნდა თქვას როგორც ეკონომიკაში, ისე ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა ზარქუამ.