ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს თვითონ ბრალდებულებიც ესწრებიან.

სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარემ, რასაც არ იზიარებდა დაცვის მხარე. პროცესის ღია რეჟიმში წარმართვის მომხრე იყვნენ თვითონ ბრალდებულებიც. საბოლოო ჯამში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დაიხურა. მოტივად კი საქმის მასალები და ქვეყნის ინტერესები დასახელდა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდენენ.