„მას დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ სამაგიეროდ პოსტი ედო Facebook-ზე” – მინისტრი 19 წლის ორსულის გარდაცვალებაზე

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით კიდევ ერთი ორსულის გარდაცვალებას გამოეხმაურება. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ორსულები არ უკავშირდებიან 112-ს და რჩევებს მკურნალობის შესახებ სოციალური ქსელებიდან იღებენ.

„მე ყოველთვის ვერიდები კონკრეტულ პაციენტებზე საუბარს, ვინაიდან თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალობის შემთხვევები ორსულების კომპონენტში. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონში საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ სამაგიეროდ პოსტი ედო Facebook-ზე და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც Facebook-ზე არის აქტიური“, – განაცხადა მინისტრმა.

თბილისში მშობიარობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ქალი ნორა თევზაძე გარდაიცვალა.