პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების 55%-ზე მეტი ორჯერ ვაქცინირებულია – სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი – გაბუნია

ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთჯერადად ვაქცინირებულია 66%, ორჯერ ვაქცინირებული კი პატიმრების 55%-ზე მეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას თქმით, ეს პროცესი კიდევ უფრო ადრე, აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80 პროცენტზე მეტი არის ერთხელ ვაქცინირებული, 62 პროცენტამდე კი ორჯერ ვაქცინირებული.

„ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. მოხდა რამდენიმე კლინიკის მობილიზაცია, რომ თუ საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა და მათი იქ მკურნალობა. სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებასთან არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.