თამარ გაბუნია – დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა მოსალოდნელი მეხუთე ტალღა თავიდან ავიცილოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც საყურადღებოა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემცირებულია პირველი დოზით აცრების მაჩვენებელი. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოსალოდნელი მეხუთე ტალღის თავიდან აცილების მიზნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. ბოლო ერთი კვირაა, დღის განმავლობაში დაახლოებით 11-12 ათასი აცრა ტარდება. უპირატესად არის მეორე დოზებზე აცრები, პირველ დოზებზე მოსულ პირთა რაოდენობა იკლებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავზარდოთ კვლავ ვაქცინაციით მოცვა, ვაქცინაციის ტემპი, რათა სწრაფად გავიაროთ ამ ტალღის დარჩენილი პერიოდი, ასევე თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.