როგორმე აცრის ტემპი არ უნდა შევამციროთ, ხოლო პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 %-ზე თუ ავიყვანთ, ეპიდემია გაცილებით მალე შეკავდება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ახლა მთავარია, აცრის ტემპი არ შემცირდეს.

გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე.

„გთხოვთ ყველას, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აცრებისკენ და მოგიწოდებთ პირბადის ტარებისკენ. 50 %-ზე დაბლა ჩამოვიდა და 47 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი. მაჩვენებელი უნდა ავწიოთ 70-75-მდე, 85-მდე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარია აცრებთან ერთად. ყველგან ვატაროთ პირბადე 3 თვე. ყველა ადამიანმა, თუ 95 %-ზე ავიყვანთ ამ მაჩვენებელს, დარწმუნებული იყავით, რომ ეპიდემია გაცილებით მალე შეკავდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.