დავით ზალკალიანი – ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიკროსაფინანსო სესხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასა და ამავე საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ზალკალიანის თქმით, 150-მილიონიანი ტრანში არის მაკროფინანსური სესხი, რომელიც აღებული იყო 2020 წელს, როდესაც ქვეყანაში პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობები იყო და საქართველოს კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა.

საკითხზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობა განსხვავებულია და ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან, როგორც ზალკალიანი ამბობს, მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას.

„დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია და არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ეს შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია, ეკონომიკას აქვს ძალიან კარგი დინამიკა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში, 12%-იანი ზრდა, ბოლო თვის განმავლობაში 9.9%-იანი ზრდა არის, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.