მართლა გჯერათ, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირის ფინანსური დახმარება? მიშელის დოკუმენტში პირდაპირ ეწერა, რომ თუ საქართველო არ გაატარებს შესაბამის რეფორმებს , ის ამ დახმარებას ვერ მიიღებს, წერტილი, დამთავრდა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ვაშაძე ამბობს, საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტები დაუჯერებელია.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიშელის შეთანხმებას არ ასრულებს, რასაც ევროპელი კოლეგების მხრიდან შესაბამისი სანქციები მოჰყვება.

„ნუთუ, ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს ევროკავშირის დახმარება არ სჭირდება და რასაც ამბობს ხელისუფლება, არის სიმართლე. სიმართლე არის, რომ ისინი არ ასრულებენ შარლ მიშელის შეთანხმებას, არ ატარებენ რეფორმებს და ამას შესაბამისი სანქციები მოჰყვება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან.

ის, რაც ახლა ხდება 75 მილიონთან დაკავშირებით, ეს იქნება გადამდები სხვა დახმარებებზე, რასაც საქართველო იღებს, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, დღემდე ვართ გაჭირვებული ქვეყანა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან სხვადასხვა პროგრამით. ამიტომ, მთავარი, რაც მინდა ვთქვა, რას ელოდება დასავლეთი საქართველოსგან, ელოდება საქართველოს მოქალაქეების ხმას.

დიახ, ამ არჩევნებზე მისვლას და პასუხის გაცემას, ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“, რომ აღარ გვჭირდება ევროკავშირი და აღარ გვჭირდება დახმარება მათი მხრიდან, თუ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაცია, გვინდა მართლმსაჯულებაში და სხვა მიმართულებით რეფორმები, გვსურს, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ქვეყნის განვითარების პროცესი. აი, ამ ხმას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ელოდება მთლიანად დასავლეთი, რომელთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ამ აბსურდული განცხადებების შემდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

შარლ მიშელის დოკუმენტში ევროკავშირის მიერ პირდაპირ იყო მიღებული ოფიციალური კანონის ძალის დოკუმენტი, პირდაპირ ჩაწერილი იყო, თუ არ შეასრულებს, შესაბამის რეფორმებს არ გაატარებს საქართველო, ის ამ დახმარებას ვერ მიიღებს, წერტილი, დამთავრდა, ამას ბევრი განმარტება არ უნდა. ის, რომ ახლა საქართველოს უნდოდეს და ამას მიიღებს ხვალ, ეს არის წარმოუდგენელი.

შესაბამისად, უბრალოდ ისევ ხალხის მოტყუებაზე მუშაობს „ქართული ოცნება“, ვიღაც უნდა დააჯეროს, რომ მან ცალმხრივად უარი თქვა ამაზე. მართლა გჯერათ, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირის ფინანსური დახმარება, ვინმეს სჯერა ამის საქართველოში? ჩვენ ევროკავშირის დელეგაციაში ბოლო შეხვედრის დროს პირდაპირ გვითხრა შარლ მიშელის ოფისმა, კანონის ძალის დოკუმენტია ევროკავშირში, რომელიც ამბობს, რომ სექტემბრის ბოლომდე თუ მართლმსაჯულების სფეროში პროგრესი არ დაინახეს, 75 მილიონი არ გადაირიცხება.

შესაბამისად, სექტემბრის ბოლომდე იყო ეს ვადა. როგორ ფიქრობთ, გიჟია საქართველოს მთავრობა, რომ გამოხტა და ეს ყველაფერი გააკეთა. იცოდა, რომ ვერ მიიღებდა ამ თანხას, სამწუხაროდ, ამით ჩვენ ვზარალდებით, საქართველოს მოქალაქეები და ვითომ დასწრებაზე იმუშავა. მაგრამ ამ ტყუილს თუ ვინმე დაიჯერებს, ჩემთვის წარმოუდგენელია, რეალობას ხომ არ უნდა ავცდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.