მოქმედი მთავრობა ხვალ ბოლო სხდომას გამართავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, არაუგვიანეს 19 ნოემბრისა უნდა დანიშნოს.

საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა პირველად, სავარაუდოდ პარასკევს, 18 ნოემბერს შეიკრიბება და მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. ამის შემდეგ, არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”  ახალი მთავრობის ფორმირებაზე იწყებს მუშაობას.

საპარლამენტო უმრავლესობა შეარჩევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და წარუდგენს პრეზიდენტს, რათა პრეზიდენტმა ეს კანდიდატი ნდობის მისაღებად ისევ პარლამენტს წარუდგინოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და პარლამენტში ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარადგენს.

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებზე მოუსმენენ და ამის შემდეგ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას უკვე სესიაზე დაამტკიცებენ.

მთავრობა ჩაითვლება დამტკიცებულად, თუ მას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ახალი შემადგენლობა 21 ნოემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება