მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ია, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურება – ჯანდაცვის მინისტრი

ყველას გვიხარია, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში უნდა  გადაიხედოს კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლი.

„ასევე პროპორციულად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს და ამ დაგვიანებით გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ექიმებისთვის, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია. უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ, ან გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.