ეკატერინე ტიკარაძე – საინფორმაციო საშუალებებით გვესმის, რომ ზოგიერთი კლინიკის ექიმები პაციენტებს „ტოცილიზუმაბის“ „შავ ბაზარზე“ შეძენას ურჩევენ, ეს ძალიან ცუდია, ფაქტით დაინტერესებულია სხვადასხვა სტრუქტურა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ შესაძენად პაციენტის მხრიდან არავითარი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.

მისივე თქმით, არსებობს ლიმიტირებული ოდენობა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები არიან მოთავსებული.

მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ექიმებმა პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურა არის დაინტერესებული. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, ყველას აქვს საშუალება, მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას, რათა მოხდეს პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის. მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართული.

სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით. არ არის საჭირო პაციენტის ახლობლებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები. პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.