სკანდალი! მაწანწალა ძაღლებს მიზანმიმართულად კლავენ?!. (ვიდეო)

ამ წუთებში  არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი სოფიო არველაძე დაგვიკავშირდა და ძაღლების გამიზნულ მკვლელობაზე გვიამბო. ამჯერად მან ყურადღება ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე შეაჩერა.

-„მინდა საზოგადოებას ვამცნოთ ძაღლების მკვლელობასთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი ფაქტები. 27 ოქტომბერს გამიზნულად მოკლეს მიკედლებული სეტერი კოპა, რომელსაც ჩვენი ფედერაციის წევრები ვკვებავდით სხვა ძაღლებთან ერთად. მანამდე მოკლეს კიდევ ერთი ინგლისური სეტერი, მერე კიდევ გაგრძელდა ეს ქმედებები.  ყურშა დილის 8 საათზე გამოვიდა თავშესაფრიდან თავის მიკედლებულ ადგილას,მასაც მანქანა დააჯახეს, მაგრამ ოპერაცია გაუკეთდა და გადარჩა, სწორედ ამიტომ იყო საზოგადოება ყურადღებით და ჩაუსაფრდნენ კიდეც მოქალაქეები დამნაშავეებს. ყურშას მერე იყო კოპა – ძაღლს მიზანმიმართულად ჯერ მანქანა დააჯახეს, მერე ფეხები დაამტვრიეს, ხალხი გამოვიდა ცხოველის შემაძრწუნებელ წკმუტუნზე და გაიქცნენ დამნაშავეები. თვითმხილველებმა ვიდეოც გადაიღეს.

https://www.youtube.com/watch?v=MhMXZCD2J30&feature=youtu.be

ამას აკეთებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ვიდეოში ხალხი ასახელებს, რომ სწორედ მათი მანქანით განხორციელდა ეს ვანდალური აქტი. „ავტომანქანას ჰქონდა გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგო, რომელმაც ქუჩაში მყოფ ცხოველს გადაუარა“-აცხადებენ თვითმხილველები. კოპას გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მანქანაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა!

რამდენიმე ძაღლი  სასწრაფოდ გადავიყვანეთ დროებით შემფარებლებთან, ერთი მე მყავს შეფარებული და ვეძებთ მზრუნველ პატრონებს, რომ ისევ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ და ვინმემ რამე არ დაუშავოთ.

ყველანაირად ეცდებიან საქმეს მსვლელობა არ მიეცეს, ეცდებიან საქმე არ მივიდეს გამოძიების საჭიროებამდე და მერე ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდონ მკვლელს. არადა ეს კაცი ჩვეულებრივი მკვლელია! რა მნიშვნელობა აქვს ვის მოკლავს, როცა გამიზნულად სჩადის ბოროტებს, არის მკვლელი!

ჩვენ  არ გავჩერდებით,  სანამ არ დადგება სასჯელის ის ფორმა, რაც ეკუთვნის ამ მკვლელს. ეს არის სისასტიკე უმწეო ცხოველზე და თან ჩადენილი არასრულწლოვანების თანდასწრებით, რა განსაკუთრებულად დამამძიმებელია!

თუ არ დაიწყო გამოძიება,  მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ როგორ ექცევიან ცხოველებს, გადავუგზავნით ვიდეო მასალას ევროკავშირს და მსოფლიოს წამყვან ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს.

ევროპელობაზე თავს დებენ და ეს რომ ევროპაში გააკეთოს ვინმემ, რა ელოდება ხომ წარმოგიდგენიათ იქ?

აუცილებლად  უნდა გამკაცრდეს კანონი!

არსებობს ამასთან დაკავშირებით მკვდარი მუხლი, რომელიც უნდა ამოქმედდეს და შევიდეს ძალაში. ეს არის 259 მუხლის “დ” ქვეპუნქტი.

მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა 1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იმედია ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას. ჩვენ მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით”-განაცხადა არველაძემ.

როგორც სოფიო არველაძემ გვითხრა, ცნობილია  მანქანის ნომერი. ირგვლივ უამრავი ვიდეოთვალია დამონტაჟებული და დაფიქსირებული იქნება ეს ვანდალური აქტი როგორც კამერების ფირებზე, ასევე თავად მანქანაში ჩამონტაჟებულ ვიდეო-გადამღებშიც.

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას და მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ასევე მივმართავთ მთავრობას აამოქმედოს 259-ე მუხლი. იმედს ვიტოვებთ საზოგადოების მოთხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.

 ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

“ეს არის მია,ხერხემალში ტყვია ჰქონდა,ვიღაც ნაძირალა გაერთო და მიას ესროლა,ოპერაცია გაუკეთდა და ტყვია ამოიღეს,მაგრამ მია ვერასოდეს ვერ გაივლის, არის საოცრად ლამაზი გოგო და აქვს ძალიან კარგი ხასიათი, უყვარს ლეკვებთან თამაში,ძალიან უყვარს მოფერება,ეხლა მია ჩემთან არის და მის ჯამრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,ვინც კი მია ასეთ დღეში ჩააგდო,იგივეს ვუსურვებ! ვისაც სურვილი გექნებათ დაეხმაროთ მიას კვებით მადლობლები ვიქნებით! მიაკოს ძალიან უყვარს ძაღლების მშრალი საკვები და ტკბილი ბულკები!  დარეკეთ – 369777582″

P.S. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“ აცნობა მომხდარის შესახებ  შსს-ს და პროკურატურას. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამავდროულად გარემოს დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ავტომობილი, რომლითაც ძაღლის მკვლელობა მოხდა ნამდვილად მათ უწყებას ეკუთვნის.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ სიფიო არველაძეს.

-როგორც ჩვენთავის გახდა ცნობილი, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

-არა, ჯერ მოკვლევაშია საქმეო და თუ არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, გამოძიება ისე არ დაიწყებაო.  მე მაინტერესებს, მეტი რა დანაშაულის ნიშნები უნდა გამოიკვეთოს? ანუ აკვირდებიან თუ არ ავტეხეთ ხმაური არ დააკვალიფიცირებენ როგორც დანაშაულს და ადმინისტრაციულით შემოიფარგლებიან,  ამიტომ უნდა იყოს ამაზე დიდი გამოხმაურება და საზოგადოების ჩართულობა. ხალხი მართლაც ფეხზე დგას, აღშფოთებულია ყველა!

 

 

კომენტარის დატოვება