ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში მყოფი სახელმწიფო – ჩვენ ვართ ჭირისუფალი სახელმწიფო, რომელსაც ყოველდღიურად ეღუპება ათობით ადამიანი – ანა ნაცვლიშვილი

„ჩვენი საზოგადოება, ამ წლების განმავლობაში, შეეჩვია ცოცხალ ადამიანებზე თვალის დახუჭვას, მაგრამ მიცვალებულებზე თვალის დახუჭვა ეს კიდევ რაღაც ახალი სტანდარტია, რომლის დამკვიდრებასაც თქვენ ცდილობთ“, – ასე მიმართა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომლის პარლამენტს შეუძლია თავს უფლება მისცეს დასასვენებლად წავიდეს.

„ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში მყოფი სახელმწიფო. ჩვენ ვართ ჭირისუფალი სახელმწიფო, რომელსაც ყოველდღიურად ეღუპება ათობით ადამიანი. ის, რომ სტატისტიკა მცირდება, ეს ძალიან ბევრი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანის მუშაობის შედეგია და ამ შედეგს, გათენებულ ღამეებს, სტრესს, ნერვიულობას, წარმოუდგენელის შეძლებას, რასაც ჩვენი სამედიცინო პერსონალი ახერხებს, ნუ მიიწერთ პოლიტიკოსები.

ამ ვითარებაში, იმ ოჯახებისთვის, ვინც უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს და იმ ადამიანებისთვის ვინც დაიღუპნენ, არანაირი შეღავათი არ არის სტატისტიკის მოშველიება. რას აკეთებს ამისთვის პარლამენტი? არაფერს! უფრო სწორად, ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეიმჩნიოს ეს ვითარება. პარლამენტის დღის წესრიგს ემჩნევა, რომ ჩვენ ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ? ერთი საკითხიც არ არის ჩასმული, რომელიც ამ თემას პასუხს მაინც გასცემს, შეიმჩნევს მაინც ამას,“ – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.