გამოვრიცხავ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კომპრომატები არსებობდეს – კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე – ნათია მეზვრიშვილი

გამოვრიცხავ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კომპრომატები არსებობდეს – კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით,  კახა კალაძემ ნარკოტესტზე საუბარი იმიტომ წამოიწყო, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს და გახარიასთან დებატებს თავი აარიდოს.

„ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერს შიდა ქართლში იარაღი ჩაუდეს, დაემუქრნენ, პროკურატურას ამაზე გამოძიებაც არ დაუწყია. ამაზე მეტსაც ველოდებით. „ოცნებისგან“, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის პირას დგას და ფაქტობრივად დღეებს ითვლის, აბსოლუტურად ყველაფერი მოსალოდნელია. რაც შეეხება ამ საკითხს, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბატონი კალაძე, რომ ვითომ რაღაც კამპანია წამოიწყო და ამის უკან არაფერი დგას, ამის უკან დგას მარტივი რამ, კალაძემ ეს ყველაფერი გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დებატებიდან საზოგადოების ყურადღება გადაეტანა და გახარიასთან პირისპირ დებატებისთვის თავი აერიდებინა.

ზოგადად, „ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, ისეთ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გამორიცხულია, წარმოუდგენელია. მათგან ზოგადად ფაბრიკაციები და ყველაფერი მოსალოდნელია. ბევრი საქმე გვაქვს და კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე. როცა გვეცლება, მაშინ გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.