გიორგი ვაშაძე – ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და არა სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, ინიციატივები, რომლებიც ამ მიზანს აგვაცდენს, მიზანშეწონილი არ არის

ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები, ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ  არა საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

იგი ასევე გამოეხმაურა, „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. მისი თქმით, ისეთი ინიციატივები, რაც ამ მიზანს გადაუხვევს, წინასაარჩევნოდ მიზანშეწონილი არ არის.

„მე ყველას მოვუწოდებ, ფოკუსი გავასწოროთ, რომ ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში. საქმის მკეთებელი პროფესიონალები ხელისუფლებაში, ამიტომ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მიზანს აგვაცდენს, არ არის მიზანშეწონილი წინასაარჩევნოდ.

ვერავინ ვერავის აიძულებს ჩამოვიდეს, ან არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ყველამ თავისი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და არჩამოსვლა არ არის მთავარი ამოცანა საქართველოში, დღეს საქართველოში მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება, ორპოლუსიანობის დამთავრება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.