გიორგი ვაშაძე – კვლავ ჩანაწერები, შანტაჟი, მოსმენები, ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ მოიცილა

მოახლოვდა არჩევნები, კვლავ ჩანაწერები, კვლავ შანტაჟი, მოსმენები, კვლავ ფაილები, რომელიც ჩამოშლილი სისტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერც ერთი ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის საკითხს, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოძიებას არ ენდობა.

„რომელი ფაილის ავთენტურობა დადგენილა და დამტკიცებულა ამ ხელისუფლების დროს. ხელისუფლება არის შესაცვლელი, მერე უკვე ავთენტურობებიც არის დასადგენი, გამოძიებაც ჩასატარებელია და წარსულს უნდა ჩავაბაროთ მოსმენების ეს საბჭოთა პრაქტიკა. ჩვენ ამისი გარანტი ვართ და გვჯერა, რომ გამოსავალი მხოლოდ ამაშია. პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მათ შორის დამნაშავის, ვიდრე მისი დანაშაული არ არის დამტკიცებული. ნამდვილად არ მგონია სწორი პრაქტიკა, რომ გავრცელება ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის პირადი ინფორმაციის. თვითონ ვყოფილვარ ამის მსხვერპლი. ინტერნეტში გამოუგდიათ ჩემი დამონტაჟებული საუბრები და უნდა დავამთავროთ ეს პრაქტიკა. ხელისუფლება ყველას უსმენს – საპატრიარქოსაც, პოლიტიკურ ოპონენტებსაც, თანაგუნდელებსაც. მეც მისმენენ, თქვენც გისმენენ, ყველას გვისმენენ – ეს არის რეალობა და ეს უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში. გამონაკლისი არ არსებობს. თუ ვინმეს ეგონა, რომ მასთან მიმართებით იყო გამონაკლისი, მგონი დღევანდელ დღეს ეს ილუზიაც დამთავრდა. მესამე ძალა ვართ გარანტი, რომ აღარავის აღარ მოუსმენენ. რად გვინდა ეს? საქმე ვაკეთოთ, ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მოსმენები სჭირდება მას, ვინც არაფერს აკეთებს. ვინც საქმეს აკეთებს, იმას არაფერში არ სჭირდება მსგავსი უკანონო ქმედებები, რადგან ხალხი თავისთავად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები, რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.