რა წერია ფარულ ჩანაწერებში, რომელიც საპატრიარქოს წინააღდმეგ არის მიმართული და დღეს, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები , რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.

ასევე, ინტერნეტში, მღვდლების მონაზვნების, ეპისკოპოსების, პატრიარქის მდივნის, პატრიარქის მომვლელების, პატრიარქის თანაშემწეების, პატრიარქის მოსაყდრე შიოს და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის, ფარული მოსმენის და თვალთვალის ფაილები აიტვირთა.

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან, ყველაფერს, საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!

ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!”- წერს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი.

ფაილების მიხედვით, სასულიერო პირს რომანი ჰქონდა მონაზონთან, რომელსაც საყვარლის თვალთვალისთვის იყენებდა:

„ბოლო პერიოდში მიტროპოლიტი ეჭვიანობის ნიადაგზე ახორციელებს ფარულ, უკანონო მეთვალყურეობას. ამავე დროს მიეკუთვნება პოლიტიკურად მოტივირებული მღვდლების რიცხვს. ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს ბიზნესმენთან და ყოფილ მინისტრთან. წარსულში ეპარქიის დედათა მონასტრის მორჩილი დაუახლოვდა მიტროპოლიტს. ანაზღაურების სახით იღებს 1200 ლარს. მიტროპოლიტმა 2014 წელს 37 000 აშშ დოლარად ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ერთოთახიანი ბინა. ასევე ეპარქიის სახსრებით ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შეიძინა ავეჯი, რომელთა საერთო ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.

მიტროპოლიტმა ეპარქიის მონაზონს და ერთ-ერთ საყვარელს დაავალა ფარული თვალთვალი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს სამოქალაქო სამოსში გადაცმულმა მონაზონმა მის საცხოვრებელ კორპუსთან დააფიქსირა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, თუმცა თვალთვალის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ისინი გაემგზავრნენ მანქანით.

მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, მონაზვნისთვის შეიძინოს მანქანა და ფოტოკამერა, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს სრულფასოვანი თვალთვალის განხორციელება და დააფიქსიროს თვალთვალის ფაქტი.

ფიქრობდა, თავად მიეღო თვალთვალში მონაწილეობა, თუმცა თვლის, რომ სათანადოდ შენიღბვას ვერ შეძლებს და გაიშიფრება.

მიტროპოლიტი ღალატის ფაქტს მტკივნეულად განიცდის. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მას დაკარგული აქვს სიფრთხილის შეგრძნება. მონაზვნის დახმარებით თვალთვალის განახლებას გეგმავს მიმდინარე წლის 30 აგვისტოსთვის. ამის გათვალისწინებით, მიზანმიმართულად მიგვაჩნია, დაფიქსირებულ იქნას თვალთვალის ფაქტი, შემდგომში ოპერატიული საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით”- წერია სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ფაილში.

ამავე ფაილების მიხედვით, უსმენდნენ ახალციხის და კუმურდოს მიტროპილიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც.

გავრცელებულ ოპერატიულ ცნობაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ მეუფემ დიდი ფულის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდა, რის  სანაცვლოდ მეუფემ 30 ათასი დოლარი აიღო.

„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას.

არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით.

მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას”. – წერია გავრცელებულ დოკუმენტში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ აღნიშნული მასალების ავთენტურობა ჯერჯერობით არ დასტურდება.