გიორგი ხელაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალეშ ხმელარს შეხვდა, სადაც როგორც რეგიონული ასევე, გლობალური მასშტაბით საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამებტი ავრცელებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხებზე, რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე, ასევე რეგიონში ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობაზე, რეგიონული მშვიდობის მისაღწევად რეგიონული ქვეყნების ურთიერთქმედებაზე და ასევე, იმ შედეგებზე, რაც ავღანეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა მოიტანოს როგორც გლობალური ასევე, რეგიონული მასშტაბით.

შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

„მეტწილად საუბარი შეეხო ევროპულ დღის წესრიგს საქართელოში, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ურთიერთქმედებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ჯგუფისა და განსაკუთრებით, ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვას თანამშრომლობას და ასევე, ევროპული ინტეგრაციის მომავალს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროპაში მიმდინარე პროცესებს, მიმდინარე არჩევნებს და მათ შესაძლო შედეგებს ევროპის სამომავლო გაფართოებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და რუსეთთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.