ანა ნაცვლიშვილი – ღარიბაშვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენაზე ან თქვას, რომ არის ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია აკონტროლებს

ღარიბაშვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენაზე ან თქვას, რომ არის უუნარო პრემიერი, ფაქტობრივად ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია აკონტროლებს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებზე პრემიერ – მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე” თავდასხმად შეაფასა.

მისივე თქმით, მისი განცხადება ოქტომბრის შემდეგ დაანონსებულ „ნულოვან კომპრომისზე“ ავტორიტარული მმართველის განცხადებაა.

„ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მიემართება ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მმართველები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. მან კიდევ ერთხელ მოხაზა ის სივრცე რომელსაც ის ეკუთვნის – ავტორიტარიზმს. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართულებით ისრების გადატანას, ღარიბაშვილს ახლა აქვს ორი არჩევანი – ან თქვას, რომ ის არის იმდენად სუსტი და უუნარო პრემიერი, რომ მასთან დაქვემდებარებულ სუს-ს ოპოზიცია ვაკონტროლებთ და მაშინ უნდა გადადგეს, თუ ასეთი უუნარო პრემიერია, ან უნდა აღიაროს, რომ სამღვდელოების ან სხვათა მოსმენებს აკეთებს ის უწყება, რომელიც კანონით პირდაპირ არის მის დაქვემდებარებაში. ან აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენებზე, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ახორციელებს მოსმენას ან ის არის საოცრად უუნარო, ფაქტობრივად, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას აკონტროლებს სხვა და ჰოი საოცრებავ, ეს არის ოპოზიცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.