მიხეილ სარჯველაძე – თუ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ანდრიუს კუბილიუსის განცხადების აზრი ისაა, რომ ჩვენი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა – ქვეყნის

თუკი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ანდრიუს კუბილიუსის განცხადების აზრი ისაა, რომ ჩვენი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა – ქვეყნის – არავის უნდა სიამოვნებდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კონსტიტუციურ პრინციპს და წესრიგს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და მის უზენაესობას არ უშვებდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებული რომც არ იყოს, პარტიის მიერ 43%-ის ვერ მიღება, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძველი არ არის.

„როგორც ჩანს, ანდრიუს კუბილიუსს ერთი ფრაზა გამორჩა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს იმის თაობაზე, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43%-ის ვერმიღწევა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს. თუკი ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეს უფლება აქვს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს კონსტიტუციაში ამ სახის ცვლილებების შეტანაზე, კი ბატონო, გნებავთ, თქვენ ასეთი მოსაზრების გჯეროდეთ! არ მგონია, რომ ეს სწორი მსჯელობაა. როცა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, ეს დოკუმენტი რომც არსებობდეს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის. შეგიძლიათ ნახოთ, კონსტიტუცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების შესაძლებლობას რა შემთხვევაში უშვებს, ამის მიღმა საფუძვლების შეთხზვა და მოგონება არასწორია. ხოლო თუ ქვეყანა კონსტიტუციას არ დაარღვევს და ამის გამო იქნება წნეხი და ზეწოლა, არ ვიცი. სჯობს, ეს დაზუსტდეს. არ მგონია, კუბილიუსის განცხადებები ასე უნდა განიმარტოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.