მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის, რისთვისაც ვიჯექი კიდეც ციხეში, მადლობა მერიას და დიდება უფალს, რომ ყველაფერი დამთავრდა – მაია რჩეულიშვილი

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

მაია რჩეულიშვილმა მადლობა გადახადა თბილისის მერიას და ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს.

„ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. დაზარალებული ხუთი დიდი ობიექტი დასასრულებელია, დანარჩენ ობიექტებზე მიდის სარემონტო სამუშაოები. მთავარია, რომ თავად ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების.

საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა.

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის აპრილში გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ  „მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია, ყველა დაზარალებული მიიღებს საკუთარ ფართს“, – განაცხადა კახა კალაძემ.