თამარ გაბუნია – ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური ვერ იქნება იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ვაქცინაციის პროცესს აზარალებს

ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.

„ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ცალსახაა. ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, უკეთესი იქნება, მეტი აქცენტი გაკეთდეს მედიაში უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება, იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს, შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს საკითხი უკვე წამოწეული, დაწყებული აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის კონტრაქტორი, ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი. ცენტრმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სოციალურ მედიაში და ახლა მიმდინარე პროცესში არკვევს სახელშეკრულებო ვალდებულებებს კონტრაქტორ მხარესთან. ვფიქრობ, ეს საკითხი ამოიწურება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.