გიორგი გახარია „სისხლიან ბანერებზე“ – „არიფულად“ ფიქრობენ, რომ ამით თბილისს „დააბოლებენ“

„ჩვენ ამ ბანერებზე იმიტომ მოვხვდით, რომ გვაქვს მზარდი რეიტინგი და „ოცნებამ“ იცის, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ამ ქვეყანაში განახლებას“, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, რომელიც „სისხლიან ბანერებზე“ მისი ფოტოსურათის მოხვედრას შეეხებოდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი ფორმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„მერწმუნეთ, ამ მხარდაჭერით მე მხოლოდ და მხოლოდ ვამაყობ. ისეთი რაღაცები რაც ახლა ჩვენს საწინააღმდეგოდაა: ჭორები, ცილისმწამებლური კამპანია, ბანერები, ზიზღი, მხოლოდ გვაძლიერებს და მერწმუნეთ, ჩვენს მხარდამჭერებსაც აძლიერებს. მე ადრეც ვამბობდი, სანამ ჩემი ფოტო არ იყო, ყოველთვის, რომ ეს არ არის სწორი, ეს არის ამორალური და ეს არ მოიტანს შედეგს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა გააკეთა ფორმალურად.

ფორმალურად ეს არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს ბანერები ხომ არის კამპანიის ნაწილი? ვის წინააღმდეგაა მიმართული? როგორი არიფები არიან, რომ ერთი იფიქრეს, ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისმწამებლური კამპანიით დამაზიანებდნენ და მეორე, ზუსტად ისევე არიფულად ფიქრობენ, ამით ესენი თბილისს დააბოლებენ. რაღაცა ობიექტურ რეალობას აცდენილია ეს ხალხი, შეფასებები ეშლებათ სადღაც“, – განაცხადა გახარიამ.