მეგის ქარდავა – ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, ხაზს ვუსმევ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ

საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის „ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია მისთვის და მისი  თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს.

იგი გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და მას კორუმპირებული უწოდა

„აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს.

პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.

უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელმწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი „პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, „მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ.

ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსმევ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მეგის ქარდავას „ფეისბუქ’ გვერდზე გავრცელდა.

იხილეთ განცხადება სრულად.