მიხეილ სარჯველაძე – ნიკა მელია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნია, თუ ხელისუფლებაში არ არიან და ადამიანებზე არ ძალადობენ

ნიკა მელია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნია, თუ ხელისუფლებაში არ არიან და ადამიანებზე არ ძალადობენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, სხდომის ჩატარების საჭიროებას თავად ვერ ხედავს, თუმცა, მელიას არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს სხდომა, მცდარია და მათ არ ესმით, რაში მდგომარეობს ოპოზიციის როლი პარლამენტში.

“საკითხის სიმწვავის მიუხედავად არავითარი საჭიროება არ არის მეტი სიმწვავის ხელოვნურად შექმნისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემაზე სხდომის მოწვევა რეალურად არა საგნობრივი განხილვის და ჭეშმარიტების დადგენას ისახავს, არამედ ეს იქნება მხოლოდ სიმწვავის ხელოვნურად გაზრდა, შესაბამისად, ასეთ პირობებში არამგონია ლოგიკური და გამართლებული იყოს სხდომის გამართვა. მართალია, ცოტა გაცვდა ეს სიტყვათა წყობა – პოლიტიკური შოუ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწორედ ამის მოწყობის მცდელობაა სხდომის ამ თემაზე ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარება არ მიმაჩნია ლოგიკურად, არგუმენტები, რომელიც მოხმობილია ნიკა მელიას მხრიდან, არ არის სწორი, თუმცა, ადასტურებს, ერთ მნიშვნელოვანს – ნიკა მელია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნია, თუ ხელისუფლებაში არ არიან და ადამიანებზე არ ძალადობენ. ისინი ვერ ხვდებიან, ზოგადად რაში მდგომარეობს ოპოზიციის როლი პარლამენტში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, სავარაუდო ფარული მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა “ლელოს” ეკუთვნის. ფრაქციაში ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ. ნიკა მელიას განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში “ნაციონალურ მოძრაობას” მონაწილეობის მისაღებას არ ცალია.