ხატია დეკანოიძე – მინდა, დიდი ოპტიმიზმით მივუდგე დიალოგს, რომელიც დაანონსა პრეზიდენტმა, მსურს, მან შეასრულოს ისტორიული როლი, რადგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარდა, სხვა ამოცანა არ გვაქვს

მინდა, დიდი ოპტიმიზმით მივუდგე დიალოგს, რომელიც დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა. მსურს, მან ეს ისტორიული როლი შეასრულოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა თუ არა, საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის დაბრკოლება ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არსებული ნაპრალის ამოვსებას ხელი შეუწყონ.

„გულწრფელად მინდა, ძალიან დიდი ოპტიმიზმით მივუდგე იმ დიალოგს, რომელიც დაანონსა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. მე მსურს, მან ეს ისტორიული როლი შეასრულოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა თუ არა, საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის დაბრკოლება ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ მე, როგორც ადამიანი, როგორც საქართველოს მოქალაქე, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მივიჩნევ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა როგორმე დავეხმაროთ ამ ნაპრალის ამოვსებაში, თუ ადამიანს ამისი სურვილი აქვს.

ვხედავ, რომ მისი მხრიდან გარკვეულწილად განცხადებები ამ მიმართულებით ჟღერდება. ჩვენი მხრიდანაც მზადყოფნა გამოვთქვით, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჩემი განცხადებები იყო ძალიან ბევრი, ამიტომ მე ამას არ დავარქმევდი შერიგებას, ეს სიტყვა არ მომწონს, ეს არის უბრალოდ რეკონსოლიდაცია, პოლიტიკური დიალოგი, სადაც ყველა მხარე შესაძლებელია, ჩაერთოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა.