ხელვაჩაურის რაიონში მეწყრის შედეგად 37 წლის ქალი დაშავდა

ხელვაჩაურის რაიონში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 7 სახლი დააზიანა.

სოფელ ფერიაში ერთი ადამიანი დაშავდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად იგი სახლის ნანგრევებში მოყვა. დაშავებული ფეხის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. 37 წლის ქალს ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

ამავე სოფელში მეწყერმა ასევე ანთაძეების სახლი წაიღო. ოჯახი სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა. ანთაძეები დილით ხმაურმა გააღვიძა, რის შემდეგაც მათ სახლის უვნებლად დატოვება შეძლეს.

უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დროებით ქირით გაიყვანს. სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლის შემდეგ კი მათ ფინანსურ კომპენსაციას ჰპირდებიან.

ამასთან, მეწყერმა რაიონში სასოფლო გზებიც დააზიანა. რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.