ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე – როგორც კი დაიწყო დებატები, ერთ-ერთი უსუსური კანდიდატი აენთო და წავიდა

კვატს რომ დაუსვა კითხვა, 9 წლის თავზე კი არა, ახლა გვაქვს გამოწვევები, მაშინ მითუმეტეს, პრობლემები იყო და იმ პრემია-დანამატს რაში იღებდიო, ხომ „გაიჭედებოდა“, ამიტომ თავი აარიდა და წავიდა სახლში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანიდატებს შორის გამართული დებატების დატოვების შესახებ საუბრისას განუცხადა.

ზარქუა მელიას „უსუსურ კანდიდატს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას გაქცევა 2 ოქტომბერსაც მოუწევს.

„როგორც კი დაიწყო დებატები, ერთ-ერთი უსუსური კანდიდატი აენთო და დატოვა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მას მოუწევდა პასუხის გაცემა აღებულ პრემიებზე, დანამატებზე, არშესრულებულ დანაპირებებზე, რაც ნიკა მელიას და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით კვატს რომ დაუსვა კითხვა, 9 წლის თავზე კი არა, ახლა გვაქვს გამოწვევები და მაშინ მითუმეტეს პრობლემები იყო და იმ პრემია-დანამატს რაში იღებდიო, ხომ „გაიჭედებოდა“, ამიტომ თავი აარიდა და წავიდა სახლში. სწორედ ასე მოუწევს გაქცევა 2 ოქტომბერსაც, ოღონდ პოლიტიკური სარბიელიდან. აგერ თქვენ და აგერ მე“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გუშინ საქართველოს პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები ​ პროტესტის ნიშნად დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა „მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს“.