ბექა დავითულიანი: თეორიულად რომ დავუშვათ რომელიმე მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება, ის ადგილი მათი რევოლუციური შტაბი გახდება

ამ არჩევნებს და პოსტსაარჩევნო ვნებათაღელვას დავასრულებთ თუ არა, ვფიქრობ, საერთოდ ეს გაყოფა უნდა დავასრულოთ და ეს ფურცელი გადავშალოთ. უნდა ვკონსოლიდირდეთ რაღაც მიზნებისკენ და ვთქვათ, რომ აქეთ მივდივართ და ვისაც სურს, საქმეზე გვედავოს; სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ ლექსიკონიდან გავაქროთ და ვისაც საქმეზე კონსტრუქციული და საგნობრივი დიალოგი უნდა, ვიდავოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან არჩევნების მეორე ტურში, რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი სურათი წარმოადგინა და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მოსახლეობას ექნება.

„თეორიულად რომ დავუშვათ, მათმა კანდიდატმა რომელიმე ოლქში თუ გაიმარჯვა, ერთადერთი რასაც იზამს, ის გახდება ლოკალური, რევოლუციური შტაბი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი ჩავა იქ და ეცდებიან ერთი რაიონიდან დაიწყონ დიდი რევოლუცია და ამაზე დიდ იმედებს დაამყარებენ. არცერთ გზას არ დააგებენ, არაფერს გააკეთებენ. გამოვლენ და იტყვიან, რომ რაიონს ბიუჯეტისთვის მილიარდი სჭირდება. ეცოდინებათ, რომ ეს არარეალისტურია და იტყვიან, რადგან ამას არ გაგვიკეთებენ, ახლა უნდა დავიწყოთ რევოლუცია. ნუ, ეს განწირულია და ჩვენ ხვალ გავიმარჯვებთ ყველგან. ამაში აქციამაც დაგვარწმუნა. ამომრჩევლების უმეტესობა უარს ეუბნება ძალადობრივ რეჟიმს – ამ ქვეყანაში არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ხაზი გადაუსვას მთელ ისტორიას; ხაზი გადაუსვას ყოველგვარ მორალურ კატეგორიას, სამართლიანობას, სიმართლის ელემენტარულ პრინციპებსა და რომ თქვან, კარგით, იძალადეთ, ამისთვის პასუხი არ აგოთ; მოდით ხელისუფლებაში და კიდევ გვეძალადეთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოაწყოს და ისევ ქუჩაში გამოვიდეს.