ხატია დეკანოიძე – პირობას ვიძლევი, გავუფრთხილდებით თითოეულ ხმას, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ

პირობას ვიძლევი, გავუფრთხილდებით თითოეულ ხმას, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძემ მოუწოდა ამომრჩეველს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დაიცვან ხმები.

„ხვალ არის დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ემზადება გამარჯვებისთვის. ჩვენც ქუთაისში რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში დღეს აუცილებელია ცვლილებები. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ხვალიდან ჩვენ უნდა გავიღვიძოთ სრულიად ახალ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია, თავისუფლება, კოალიციური მმართველობა, ქალაქების თვითმმართველობა და ზოგადად ამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წართმევა იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დაიწყება ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებით. ძვირფასო მეგობრებო, მობრძანდით ყველანი არჩევნებზე ხვალ, დააფიქსირეთ თქვენი ნება, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას.
მე პირობას ვიძლევი, რომ გავუფრთხილდებით თითოეულ ხმას, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მერობის კანდიდატის ინფორმაციით, დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პირადობის მოწმობებს იბარებდნენ და მის ნაცვლად ამომრჩეველს თანხას ურიგებდნენ.