გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი ათობით მოქალაქე და ტურისტი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

თუშეთიდან, ათობით მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. პროცესში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი.

ფშაველი – აბანო – ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების მიზეზით, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.

თუშეთში, უამინდობის შედეგად, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. 18-ე საუკუნის კესელოს ციხე კოშკის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. თუშეთის გარდა, სტიქიამ პრობლემები კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც შექმნა, მათ შორის პანკისში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი საყრდენი დააზიანა, რის გამოც სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყება სამუშაოები, რათა მოსახლეობას მყისიერად აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.