მოსახლეობის 11%-ს საარჩევნო უბნის მიმდებარედ “ძველი ბიჭები” შეუმჩნევია; 27%-ს ბიულეტენების გატანის შესახებ სმენია – ISFED

,,საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ” – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს როგორც ზოგადად არჩევნებში მონაწილეობის მიმართ დამოკიდებულებები, ასევე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და საარჩევნო დარღვევების შეფასება.

კვლევის მიხედვით:

12% ამბობს, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვისაც ხმის მიცემის სანაცვლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირად სარგებელს დაჰპირდა პარტია;
10% პირადად იცნობს ადამიანს, ვინც კონკრეტული პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული ან საჩუქარი მიიღო;
მოსახლეობის 27%-ს ბოლო წლის განმავლობაში საარჩევნო ბიულეტენის უბნის გარეთ გატანის შესახებ სმენია;
მოსახლეობის 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ძველი ბიჭები” შეუმჩნევია;
ამომრჩევლის პოლიტიკურ არჩევანზე მოქმედი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები პარტიების დაპირებები და პროგრამები (34%) და პარტიის ლიდერების მიმართ ნდობაა (32%);
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველაზე ხშირად დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვა (19%) და შევიწროება (12%) აღიქმება;
“რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მონაცემები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეგროვდა. ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე 3100 ზრდასრულ ადამიანთან ჩატარდა.

მონაცემები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობასთან თბილისში, ზუგდიდში და სოფელ შილდაში.

ასევე, ჩატარდა 6 ინტერვიუ საჯარო მოხელეებთან თბილისიდან, ზუგდიდიდან და სოფელ შილდიდან და ოთხი ინტერვიუ ბიზნესების წარმომადგენლებთან თბილისიდან და ზუგდიდიდან.”