ცესკო ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 41.35% შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, იაქტიურონ.

„კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ამომრჩეველთა აქტივობას, ცესკო-ში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35 პროცენტს შეადგენს.

„17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის -41.35- %-ს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში, ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება. ხმის დათვლის ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში – Google drive-ის პლატფორმაზე. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი ხუთი უბნის შედეგი გადაითვლება“, – აცხადებენ ცესკო-ში.